სცენარები


-მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო!
-მოგესალმებით, ძვირფასო, მასწავლებლებო, მშობლებო!
-დღეს, ჩვენ 76-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შევიკრებეთ რათა პატივი მივაგოთ
ჩვენს უძველეს, უმდიდრეს და ულამაზესს
-ხმათა ხავერდების და  ღმერთების ენას
-და იცი რომელია ეს ენა?
-სანამ დაფიქრდები შეგახსენებ.... რომ მსოფლიოში
-ჰო, ჰო, გავიხსენე. მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ენაა
-დიახ. მათგან კი მხოლოდ 14-ს აქვს დამწერლობა
-და ეს არის ჩვენი წინაპრების, გმირობის და ვაჟკაცობის ენა
-ამ ენას ვსწავლობთ დედის იავნანასთან ერთად
-ეს არის ენა ქართული, სიტყვაქარგული
-და ვინ ჩაწვდა ამ ენის სიდიადესა და სიღრმეს?
-რა თქმა უნდა ბრძენკაცი, დიდი იაკობი. სწორედ მან შექმნა ქართველთათვის დიდი განძი, წიგნთა-წიგნი „დედაენა“
-აუწონელი ფასდაუდებელი განძი დევს დედაენაში, ამ პატარა წიგნში, მაგრამ გასაოცარი ეს კი არა არის, გასაოცარი ის გახლავთ, რომ ამ საგანძურს მსოფლიოში ყველაზე უმარტივესი ყველასთვის ხელით მისაწვდომი, სულ ორი ხმოვნისგან შემდგარი და ჩამოსხმული ულამაზესი ოქროს გასაღები ადევს-„ია“
-და მოდი ვნახოთ როგორ...
-ერთხელ თურმე დიდი იაკობი ფანჯარასთან მდგარა და მთაწმინდას გადასცქეროდა. მთაწმინდის მიდამო მზის შუქს გაენათებინა.
-სახლში იაკობს გული აღარ დაუდგა. მოსასხმი მხრებზე წამოიგდო და აღმართს ნელი ნაბიჯით აუყვა.
-მომძლავრებულიყო გაზაფხული მთაწმინდაზე. ბავშვები ყვავილებივით შერეოდნენ ფერდობს, ყვავილებს კრეფდნენ, პეპლებს დასდევდნენ. მათი მხიარული სიცილ-კისკისი იქაურობას აყრუებდა
-იაკობმა პატარების მახლობლად მოსასხამი გაშალა, დაჯდა, ბავშვებს უყურებდა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა
( ყვავილების  ცეკვა)
-უღრანს ტყეში მოსული ვარ, მანამ ცოცხალი ვარ, ჩემი სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს, სურნელებას მივაფრქვევ არემარეს
-მოვიღერებ ყელს და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, რომ ვაქო მაღლა ცა და დაბლა დედამიწა
-ჩემი ერთი თვის სიცოცხლე, სხვისი 24 თვის სიცოცხლეს სჯობია. მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ!
-დიდი ზამთრის მერე,  გაზაფხულის მახარობლად ბუჩქის ძირებს მოვეფინებით ლურჯთვალა იები და იწყება ბუნების გამოღვიძება
-ჩვენ, პატარა ნაზი იები, სხვა ყვავილებს მივუძღვებით, მერე მოდიან სხვები, უფრო ძლიერნი, უფრო თავმომწონენიც
-მაგრამ... იას მაინც ვერავინ ჯაბნის, იას ვერავინ ეტოლება, სხვა ყვავილი „ია“ ვერ იქნება!
-გაზაფხულმა გამაცოცხლა „ია“
ოჰ, რაოდენ დიდხანს მძინებია...
-მომენატრე, ამობრწინდი მზეო, სხივნათელი გამინათე დღეო.
-თუ ხანდახან დამაპკურებ წვიმას, მომიგზავნი მონავარდე ნიავს,
-გავიზრდები პაწაწინა ია, დავამშვენებ ჩემს ქვეყანას მზიანს!       
(შემოდის გოგონა, ათვალიერებს და აღტაცებით ამბობს:
--ია, აი ია, რა ლამაზი იებია! ძია დავკრიფოთ ია!

-იაკობი უცებ გახევდა,  აღარ ესმოდა რას ამბობდა გოგონა. „აი ია“ იაკობმა ძლივს ამოიდგა ენა, შუბლი მოისრისა „ია, აი ია“ ! აი ჩემი დედაენა.
-იაკობს აღარ ახსოვდა სახლში მიფრინდა, თუ მივიდა. მან იის ძირი მაგიდაზე დადო, მაგიდას გარს უვლიდა და ჩურჩულებდა: „ია, აი ია“ ! აი ჩემი დედაენა.
-ძლივს მიაგნო დედაენის პირველ ასოს, პირველ სიტყვას; დედაენის გასაღებს და ეს ბედნიერი დღე შვილის დაბადების დღესავით უხაროდა

---დიდმა იაკობმა  დიდი ცოდნის სასახლის კარი ამ ნაზ ყვავილს შეაღებინა და ასზე მეტი წელია გმირობას ნაზიარები პატარა ია დგას ამ კართან გულგაშლილი და ღიმილიანი და ეგებება ამ კართან მისულთ.
-„აი-ია“ ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველისა, რომელიც პირველად გადაშლის წიგნს, რათა მადლიან ტკბილ ქართულ ენას ეზიაროს, ულამაზესი დახვეწილი, ქართული ანბანი გაიცნოს
-ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული, მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველისმყოფელი სხივივით საამო.
-ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი, სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია როგორც სვეტიცხოველი და ნაზი ვით მარგალიტად დაკიდული დილის ნამი
-დედა ენა ეს არის 33 მზის წიგნი და ეს იმიტომ რომ ყოველი ქართული ასო მზესავით ანათებს;
-იაკობი  იყო კაცი, რომელმაც 33 მზე აანთო ყოველი ქართველი ყრმისათვის ცაზე, რომელსაც 33 მზე ამშვენებს.
 (შემოდიან მერცხლები დიდი წიგნით „დედაენა“)
-ეს წიგნი ერის ბურჯია, ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვჭიდე ჭაპანი
-მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.
-პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.
-მე კი მგონია ფრესკებზე, ყრმა რომ ზის დედის კალთაში,
თუ დედაენას მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის.
-თითს გააყოლებს ასოებს, ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს და იტყვის „აი ია“-ო.
-იდიდე წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო
-მოდით ახლა  ყველამ ერთად გავიხსენოთ ზარმაცი გიგო
-სიმღერა: „თუ, თუ, თუ..“

-ქართული ენა ჩვენი უდიდესი საუნჯეა, იგი უძველესი და უტკბესია, რაღაც განსაკუთრებული მადლით მოსილი
-დედაენა არის ძვირფასი სალარო, დაუსრულებელი სამყარო, რომელშიაც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა, ნაფიქრის, ნაგრძნობისა და ნამოქმედარისა, რომლის შესწავლა ბავშვს აკავშირებს მთელი ერის სულთან და გულთან, მის ხანგრძლივ ისტორიას ცხოვრებასთან და ავსებს მას სულიერი ღონითა და მხნეობით.
-წერდა იაკობ გოგებაშვილი თავის თხზულებაში.

--ენავ ქართულო, დაილოცოს სილაღე შენი!
ცურტაველის და რუსთაველის ხარ შესაშვენი.
მერე ბრძენკაცი იაკობი დაგიდგა ბურჯად
გიძღვნა წიგნი და რწმენის კვერთხი იხმარა ფუნჯად!
ცეკვა ქართული
, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან...

-დედაენა წიგნია, რომელშიდაც ბულბული გალობს და დედა მღერის სიცოცხლის მარადიულ სიმღერას
-დედაენას დედასავით მოფერება სჭირდება
ვინ წაგვკიდა რუსთაველის სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა სიყვარული მამულის,
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს მკერდზე ციცინათელებს
ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ!!

-სამი სიყვარული მაცოცხლებს მე!
სამი უკვდავი მზე!
პირველი დედაა ჩემი!
მეორე სამშობლო ჩემი!
მესამე ენაა ჩემი!
დედა მაიმედებს!
სამშობლო მასულდგმულებს!
მშობლიური ენა კი ფრთებს მასხამს, ფრთებს!
სიმღერა  სამშობლოზე (IVკლ)
-დედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო.
დედაენა სიტყვის კონა, მზის სხივებით დართული,
დაშაქრული დათაფლული, დედაენა ქართული.
სულ უჭკნობი გაზაფხული, ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა, სალამურის წკრიალი!
-იაკობის დედაენა გვასწავლის ჩავწვდეთ ბუნების ენას, მოვისმინოთ მისი მშვენიერი ხმა, შევიგრძნოთ მისი სილამაზე, ჩავუღრმავდეთ მის სიბრძნეს
-შენ ბუნების გასაღებით, გაგიღია ცოდნის კარი,
ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები, აღმაფრენის ქროდა ქარი,
დაგვცქეროდი მზრუნველობოთ მაღალ მთიდან გადმომდგარი
თაობათა აღმზრდელ მამას მშობლიური გიმღერს მხარე,
აგისრულდა გულის ნატვრა, რაც ჩვენ შვილებს დაგვიბარე...
უკვდავია შენი ხსოვნა, ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე!

                                       
ახლა კი წარმოგიდგენთ „ჭიანჭველა და ფუტკარს“ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

-ქართველი ხალხი სათუთად უვლის და პატრონობს თავის ბურჯს- მშობლიურ ენას!
-კაცს დედაენის მადლი თუ არ აშუქებს, დედასამშობლოს გრძნობა გულს არ გაეკარება!
-დედაენა ერის სული, ერის გული, ერის თვალი,
„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“
-გადავინაცვლოთ უძველეს ხანაში და ჩვენ დიდი საიდუმლოების მოწმენი ვხდებით: თურმე ძველ იმერხევში ყანა რომ შრიალებდა, ერთი ბგერა იქიდან აიღო იმ კაცმა, ქარი ყიოდა ტაო-კლარჯეთის მთებში-ერთი იქიდან, არწივი რომ კვნესოდა, ის ხმაც გადმოიღო და დახატა ქვაზე, თუ თიხის ფირფიტაზე. ვაზი რომ ეხვეოდა ჭიგოს, ისიც დახატა... ასე ადგენდა ის მადლიანი კაცი ბგერათა გრაფიკულ ნიშნებს. ერთი ნიშანი კაცივით ოხრავდა, ერთიც გმინავდა, ერთში-ყიჟინის ხმა ისმოდა, -ერთშიც ზაფხულის ცხელი დღე იდგა და ჭრიჭინობელას გაუთავებელი ჭრიჭინი ისმოდა... და მთელ ამ უცნაურ ნიშნებში, ბორგავდა, ცოცხლობდა, იცინოდა, ფეხზე დგებოდა და ძლიერდებოდა მთელი ქვეყანა. ხმაურობდნენ მდინარეები, გუგუნებდნენ ნიაღვრები, ხოლო იმ კაცმა უზარმაზარი ქვეყანა ჩაამწყვდია და მაგრად გამოკეტა ქართულ ანბანში .
-დიდმა იაკობმა, ამ უდაოდ ბრძენკაცმა არაერთი ჭკუის სასწავლებელი მოთხრობა შექმნა პატარებისთვის. მისი მოთხრობები გვასწავლის სიკეთეს სიბრძნეს, პატიოსნებას და ერთგულებას. ჩვენ ვეცდებით შეგახსენოთ კიდევ ერთი მათგანი
წარმოგიდგენთ იაკობ გოგებაშვილის „ცრუს“

დედაენა, ჩვენი ცოდნის ლამპარი,
აი ია, ჯადოსნური ზღაპარი,
ჩუმი ნატვრა სამრეკლოა და ზარი,
ყრმობის სიბრძნე, ჩვენი ცოდნის ტაძარი,
დედაენა, გულის თქმა და წუხილი,
 საქართველოს მდინარეთა ქუხილი,
ქართვლის დედის ლოცვა გულის ძახილი
ჩუმი ოხვრა სულის ამოძახილი.
დედაენა ფარნაოზის ანბანი,
ივერიის ცის ლჟვარდი და განი.
საქართველოს მთების ჭექა და ბანი,
ვაზის ლერწი მზის სხივებში ნაბანი.
დედაენა მზის სითბო და დარია,
წმინდა ნინოს ვაზის ლერწმის ჯვარია,
რუსთაველის ტკბილ-ქართულის გვარია,
 იაკობის გალობა და ქნარია!


-დედაენა ყველგან არის, დედაენა ყველგან გაჰქუხს,
გაუმარჯოს დედაენას, გაუმარჯოს ენას ქართულს!
-ენა ქართული! დედაა ჩვენი!
-ენა ქართული! ძალაა ჩვენი!
-ენა ქართული! სისხლი და ხორცი ქართველი კაცის!
-ენა ქართული! შემონახული ცეცხლით და შანთით!
-ენა ქართული! მოვლენილი მადლი ზეცისა!
-ენა ქართული! საამო და საგალობელი!
სიმღერა-- სტუმარი
--დასაბამით იყო სიტყვა, სიტყვა ღვთისა და განგებისა
და სინათლედ გადაშალა ცამ მზის ფარშავანგები,
 და ვით ღმერთმა სიტყვით შექმნა, ეს სამყარო ნისლიდან,
ისე იშვა საქართველოც ღვთიურ ქართულ სიტყვიდან.
ჩემო ენავ, გულის, გრძნობის და ლოგოსის ტრიადავ
ენავ დავითიანთა და ენავ ქართლოსიანთა,
მოელვარევ სულისდგამად და მახვილად და იმედად,
დედაენავ ხალიბთა და დედაენავ იბერთა.
წინ მიმიძღვი და მიფარავ ქართლის ჭირით ნაწამებს,
დაცემულსაც შენ აღმიდგენ, როგორც ქრისტე ლაზარეს               
ზეობ ერის სულის სასოდ, მეაბჯრედ და განგებად
ერთი ხარ და საქართველოც ერთი არის ამქვეყნად!
-დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი, დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი
-ენავ ქართულო, ენავ ტანჯულო,
ენავ ცრემლებით ამოქარგულო,
იბერის ენავ, ღვთისმშობლის ენავ,
ქართულო სულო, ქართულო გულო!
ვაჯკაცთა ენავ, სისხლო ნადუღო,
იჩქეფე მარად, ილაღე მარად,
ენავ უფლისა, გულო ტანჯულო
მრავალჟამიერ, აღსდეგ, ამაღლდი,
აღსდეგ, გაბრწყინდი, ჩემო მამულო!
-ცეკვა IIკლასი
---გეთხოვებით სიმღერით, ღელვა გვიჭირს დავმალოთ,
დედაენავ, ნახვამდის, ჩვენო ცოდნის ლამპარო!



-

1 comment:

  1. გამოვიყენებ სცენსრს, თქვენი ნებართვით

    ReplyDelete